|
2015-02-17 11:05:59, 1053 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ჰენრიკა მოშჩიცკა დენდისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინები და ნატო-ს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხები. დავით ბაქრაძემ პოლონურ მხარეს გააცნო ქვეყანაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რიგის სამიტზე შესრულებული ვალდებულებებით წარსდგება. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რიგის სამიტზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე. “ეს იქნება მტკიცე პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირის მხრიდან” აღნიშნა დავით ბაქრაძემ და ამ პროცესში პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა პოლონეთის მზაობა დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში. “საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და თქვენი წარმატება ჩვენთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ჰენრიკა მოშჩიცკა დენდისმა. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა უელსში ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობასა და არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა. პოლონურმა მხარემ საქართველოს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზგასმულ იქნა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დადებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულებით გამოწვეული საფრთხეები. დავით ბაქრაძემ პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს განუხრელი თანადგომისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)