|
2021-05-22 13:42:39, 1445 ნახვა
სამხედრო
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ. ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და მისი ძალისხმევით დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ გენერალს მშობლიურ მიწას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიაბარებენ. წითელი ხალიჩის გასწვრივ განლაგებული საპატიო ყარაულის წარმომადგენლები გენერლის ნეშტს საქართველოს სახელმწიფო და პირველი რესპუბლიკის დროშებით დახვდნენ. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ დამსწრე პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენერალ კვინიტაძის ხსოვნას. აეროპორტიდან გენერლის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, სადაც 26 მაისამდე სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)