|
2019-05-21 16:33:40, 1412 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხზე არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირისა და DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება) პარტნიორების ვაჭრობის საკითხებზე მეორე არაფორმალური მინისტერიალის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალში, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა, უკრაინისა და მოლდოვის სამთავრობო დელეგაციებიც მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, აღნიშნული ფორმატის ინიციატივა ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს ეკუთვნის, რომლის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ განიხილონ, თუ როგორ ინერგება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTAs) ხელშეკრულება, რომელიც სამივე ქვეყანას გაფორმებული აქვს ევროპასთან. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღინიშნეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელების პროგრესი და გამოწვევები. ამასთან, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ DCFTA ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მოცულობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუდმივად იზრდება. საუბარი ასევე შეეხო წინა შეხვედრის ფარგლებში დაწყებულ განხილვას, რომელმაც მოიცვა ისეთი სფეროები, როგორებიცაა საბაჟო რეგულაციები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებები და სახელმწიფო შესყიდვები. თითოეული DCFTA ქვეყანა ასევე მუშაობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით და ვაჭრობისათვის ბარიერების აღმოფხვრაზე. მინისტერიალის პლენარულ სხდომაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც მხარს დაუჭერს სამივე ქვეყანაში DCFTA-ს დანერგვას ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მიზნით, ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მმართველობის განვითარება და კანონის უზენაესობის განმტკიცება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციებსა და ვაჭრობის ზრდას. ღონისძიებაზე მხარეებმა განიხილეს როგორც DCFTA-ს განხორციელების დეტალები, ისე ქართული, უკრაინული და მოლდოვური კომპანიების ევროკავშირზე ოპერირების წარმატების ისტორიები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ფარგლებში ბიზნესმენებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც მონაწილე კომპანიებმა წარმოადგინეს საკუთარი წარმატების ისტორიები და განიხილეს DCFTA-ს ფარგლებში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტიორთა რიცხვი 2015 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველა DCFTA ქვეყნისთვის, კერძოდ საქართველოში ეს მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა, მოლდოვაში - 40%-ით, ხოლო უკრაინაში - 26%. აღინიშნა, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები იმის დადასტურებაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შიგნით, ისევე როგორც რეგიონსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავება ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარია. ამ მიზნით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეფორმების გატარების და შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების სრულად განხორციელების მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს ბიზნესპლატფორმებისა და ე.წ. B2B ფორმატის ჩამოყალიბების მნიშვნელობა. სამომავლოდ, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები DCFTA-ის ფარგლებში არსებული კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის. მხარეები მიესალმნენ უკრაინას და საქართველოს მიერ ოქმის ხელმოწერას, რომელიც საშუალებას მისცემს მხარეებს, დანერგონ „რეგიონული პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის კონვენციის წარმოშობის შესახებ წესები", რაც პროდუქციის წარმომავლობის დადგენისა და რეგიონალურ ღირებულების ჯაჭვში მისი გავრცელების შესაძლებლობას იძლევა. ამავდროულად, უკრაინამ და მოლდოვამ და, ასევე, საქართველომ და მოლდოვამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა გააგრძელონ თანამშრომლობა პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის წესების გამოყენების მიმართულებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მე-3 არაფორმალური მინისტერიალი გაიმართება თბილისში 2020 წელს. მან ასევე მოიწვია მინისტერიალის მონაწილენი 11 ივლისს ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც პირველად ჩატარდება და საერთაშორისო კონფერენციის «საქართველოს ევროპული გზა" პარალელურად გაიმართება. არაფორმალური მინისტერიალის მუშაობაში ასევე მონაწილეობნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე.
(NS)
TBC კონცეპტის, Visa-ს, M.T.A.-ს შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
საქართველოს ბანკი -განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის
18 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალასკაში სენატის არჩევნები დემოკრატმა მოიგო
ფარულავა - პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



