|
2018-12-06 12:31:11, 7462 ნახვა
High - Tech
„CYBER-EXE საქართველო 2018“ - კიბერსავარჯიშო საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ შედგა, რომლის მიზანია საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობას ამ მიმართულებით. ღონისძიება გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ. გახსნის ცერემონიას დაესწრო პირიტ პიკერი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის დირექტორის მოადგილე, რომელმაც წარმატება უსურვა მონაწილე გუნდებს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლებას. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. შეუძლებელია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების გარეშე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში. მოხარული ვარ, რომ უკვე მეხუთედ საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის შესაბამისი პროფილის თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევთ, მონაწილეობა მიიღონ რეალურ სავარჯიშოებში და გამოსცადონ საკუთარი თავი იმიტირებული კიბერშეტევების გაუვნებელყოფის პროცესში“, − აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. ღონისძიება შეჯიბრის ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში ახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას. სავარჯიშოს შედეგად ანალიზდება თითოეული გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები და გუნდების გაძლიერების მიზნით მზადდება რეკომენდაციები. მსგავსი ფორმატი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მას „წითელი და ლურჯი“ ჯგუფების სავარჯიშოებს უწოდებენ. „როდესაც 2014 წელს „Cyber-Exe საქართველო“ პირველად ჩავატარეთ, მაშინ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება და ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეხმარებოდნენ სავარჯიშოების შედგენის, მთლიანად ღონისძიების ფორმატის ფორმირების საქმეში. ახლა სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო სამი ღონისძიება მთლიანად „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ რესურსებით არის ორგანიზებული და სავარჯიშოების პროგრამაც ჩვენი სპეციალისტების მიერაა შედგენილი. დღევანდელ ღონისძიებაში 25-მდე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდი მონაწილეობს. იმედი მაქვს, რომ მსგავსი სავარჯიშოები ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს კიბერსაფრთხეებთან ბრძოლის საქმეში“, − განაცხადა დავით ქვათაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) მენეჯერმა. ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, კერძოდ, სხვადასხვა სირთულის კიბერინციდენტის გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა. თითოეული გუნდი, მინიმუმ, ერთი და, მაქსიმუმ, სამი წევრისგან შედგება. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 60-ს აღემატება. სავარჯიშოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი „CYBER-EXE საქართველო“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინიციატივით 2014 წელს გაიმართა. წელს ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ კომპანია „ჰუავეი“ (Huawei) და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (NATO-GEORGIA PDP).
(NS)
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)