|
2018-05-05 13:36:43, 3337 ნახვა
კულტურა
ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN საზეიმოდ დაიხურება
ოპერის თეატრში დღეს, 18:00 საათზე, თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის “OPERA CROWN” ფინალი ჩატარდება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქ. თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრებიან. 1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით, თბილისის ოპერის სცენაზე, 45 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, საბერძნეთი, ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, სომხეთი, ტაილანდი, სლოვენია) საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარსდგა. მათ წარმატებით გაიარეს კონკურსის შესარჩევი ეტაპი, რომელშიც 300-მდე ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობდა. კონკურსანტებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან საოპერო ვარსკვლავები, მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები: ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, პიტერ მარიო კატონა (ლონდონის „კოვენტ გარდენი“), ჯონათან ფრენდი (ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“), ილიას ცემპეტონიდისი (პარიზის ,,ნაციონალური ოპერა“), კრისტინა შეპელმანი (ბარსელონას „ლისეუს თეატრი“), ფრანჩესკო ანდოლფი (ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრი“), ოლგა როსტროპოვიჩი (გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდი), სებასტიან შვარცი (გლინდებურნის ფესტივალი) და ფაბიანა დალპიაზი (Askonas Holt). ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე. კონკურსი 30 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა. იგი სამი ტურისგან შედგებოდა. სამივე ტური თბილისის ოპერის თეატრის დიდ დარბაზში ჩატარდა. I ტური 1 და 2 მაისს გაიმართა და მასში 45-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. მათგან მეორე ტურში 21 გადავიდა. II ტური - 3 მაისს ჩატარდა და 12 ფინალისტი გამოვლინდა. დასკვნითი III ტური, ლაურეატების დაჯილდოვება და კონკურსის საზეიმო დახურვა 5 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ფინალისტები მაყურებლების წინაშე წარსდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით. კონკურსის საპრიზო ფონდი:
ფინალური III ტურის, ლაურეატების დაჯილდოვებისა და კონკურსის საზეიმო დახურვის პირდაპირი ტრანსლირება ვებ-გვერდზე https://operavision.eu განხორციელდება, რომლის განმავლობაშიც, ამავე პლატფორმაზე საქართველოს შესახებ საიმიჯო რგოლები გავა. კონკურსი „Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდება. კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია, აშშ-ს საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო ,,ამბასადორი“, ,,ჯორჯიან ეარვეისი“.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)