|
2017-12-19 14:32:18, 1894 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს
2017 წლის 19 დეკემბერს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის" შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. „აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ათი წელია გრძელდება წარმატებული თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეტროს ელექტრო გაყვანილობის და სავენტილაციო სისტემის გამოცვლა. პროექტის მთლიანი მოცულობა შეადგენს 14 მლნ 200 ათას ევროს, საიდანაც საქართველოს თანამონაწილეობა, დაახლოებით, 2.2 მლნ ევროა. ზოგადად, ჩვენი მთავრობის და თბილისის მერიის ამოცანაა, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდეს სატრანსპორტო სფეროში და დღევანდელი პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 2010 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით ADB და საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობენ ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მე-5 ტრანშს, რომლის მიზანია, ქალაქ თბილისის მეტროს რეაბილიტაცია. ესაა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს 300 ათასი მგზავრის მომსახურებას ყოველდღიურად. ჩვენ ახლახან გავხსენით უახლესი მეტროსადგური ,,უნივერსიტეტი". აზიის განვითარების ბანკი მზადაა გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და თბილისის მერიასთან," - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. პროექტს 2018-2019 წლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ თბილისის მერია და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" განახორციელებენ. დღესვე, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა კობახიძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.
(NS)
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





