|
2017-04-28 14:11:59, 2457 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზიგმარ გაბრიელი: თუ გსურთ გაიგოთ, რომ ევროპა უნიკალური პროექტია, ქართველებს უნდა გაესაუბროთ
„ევროპის მიმართ შიგნით არსებული სკეპტიციზმისგან განსხვავებული აზრის მოსმენა თუ გსურთ, თუ გსურთ გაიგოთ, რომ ევროპა უნიკალური პროექტია, რომელიც ადამიანებს ოპტიმიზმით აღავსებს, ქართველებს უნდა გაესაუბროთ", - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა საქართველო-გერმანიის წლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ეთანხმება ქართველი კოლეგების შეფასებას ევროპის უნიკალურობის თაობაზე და იმის შესახებ, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი პროექტი, არც ერთი რეგიონი სადაც ადამიანებს ასეთ მშვიდობიან, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ ცხოვრება. საქართველოს ხედვას ევროკავშირთან მიმართებაში გაბრიელმა განსაკუთრებული უწოდა და აღნიშნა, რომ სულ რაღაც 60-იოდე წლის წინ ევროპული წარსული, ომებისა და ერთმანეთთან დაპირისპირებისგან შედგებოდა და მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელების აზრით ეს დრო წარსულს ჩაბარდა, მშვიდობა თავისთავად არ მოდის და მისთვის მუდმივად ბრძოლაა საჭირო, რაც საქართველოს კარგად მოეხსენება. ზიგმარ გაბრიელმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ქართველი სტუმრების მიღებით და ხაზი გაუსვა ამ ღონისძიების დევიზის - მომავლის მემკვიდრეობა - განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მისი აზრით, ეს სიტყვები გულისხმობს იმას, რომ ორი ქვეყანა წინაპრების მიერ შექმნილი და შთამომავლობისთვის გადმოცემული ძვირფასი განძის მფლობელია, რომელსაც მისი თქმით გაფრთხილება და სათანადო მოპყრობა სჭირდება, რათა ორივე ქვეყანამ მიიღოს სარგებელი. „მომავლის მემკვიდრეობა - სიტყვების ეს თამაში და ის ფაქტი, რომ ეს ერთი წელი 18 თვე გრძელდება გვიდასტურებს იმას, რომ დრო პირობითი ცნებაა" - აღნიშნა გაბრიელმა. ზიგმარ გაბრიელმა საქართველოს ევროკავშირთან და ზოგადად ევროპასთან დაახლოებაზე ისაუბრა და ამ კუთხით ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა პოლიტიკური ცნებაა, მეტად ფასეულობებზე დაფუძნებული, ვიდრე გეოგრაფიულ მდებარეობაზე და განმარტა, რომ ევროპა გულისხმობს ადამიანების უნივერსალურ უფლებას თავისუფლებასა და დემოკრატიაზე და რომ დასავლეთი არის იქ, სადაც ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება გადანაწილებულია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცულია და წარმომადგენლობითი დემოკრატია სუფევს. „სავარაუდოდ ისე, როგორც არც ერთი სხვა სახელმწიფო ევროპის სამეზობლოში, საქართველო მიუყვება სწორედ ამ ნორმატიულ გზას დასავლეთისკენ, არამხოლოდ როგორც ტექნოკრატიული მთავრობის პროექტი, არამედ მას გააჩნია საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უწყვეტი მხარდაჭერა, და ყოველივე ეს, მიუხედავად იმისა, რომ გზა ნამდვილად არც მოკლეა და არც მარტივი. ეს არის სწორედ შთამბეჭდავი და გერმანია მხარს უჭერს ამ ტრანსფორმაციის კურსს უკვე ორი ათწლეულია და ასე გააგრძელებს" - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა გერმანიის სურვილი, განაგრძოს საქართველოს შთამბეჭდავი რეფორმების პროცესის მხარდაჭერა საზოგადებაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდი უწოდა და დასძინა, რომ ამ ფუნქციასთან ერთად, საქართველოს მომავალი პოლიტიკურად დასავლეთის წევრობაშია. „საქართველო არამარტო სწრაფი ნაბიჯებით მიდის დასავლეთისკენ, არამედ ამავდროულად წარმატებით აღმოაჩინა თავისი აზიური მხარეც - შავ და კასპიის ზღვებს შორის ხიდის ფუნქცია პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ენერგო პოლიტიკის მიმართულებით. ეს სწორედ მოწმობს იმას, რომ დასავლეთის იდეა არ არის გეოგრაფიული ცნება არამედ პოლიტიკური", - განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა. მან ასევე ისაუბრა გერმანიის დიდ სურვილსა და პოლიტიკურ ინტერესზე, რომ შავი ზღვის რეგიონი და კავკასია კვლავ მშვიდობიანი თანაცხოვრების, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების ადგილს წარმოადგენდეს და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს ამაში დიდი წვლილი შეაქვს.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)