20:32 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-12 16:39:08, 3382 ნახვა

სამართალი
მტკიცებულებებით ამ ეტაპზე დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი- შსს-ს კესო დეკანოსიძეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები ამ ეტაპზე ადასტურებს კესო დეკანოსიძის თვითმკვლელობის ფაქტს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში,  ჩატარდა ათეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა არაერთი მოწმე,  ასევე, დამუშავდა და გაანალიზდა  ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, რომლებიც კესო დეკანოსიძის ბათუმში ჩასვლისა და ზღვის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილების ტრაექტორიას ასახავს. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით ამ ეტაპზე, დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. 

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს  კესო დეკანოსიძემ იმგზავრა თბილისი-ბათუმის მატარებლით. ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესო დეკანოსიძე ბათუმის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიაზე  29 აგვისტოს 20:57 საათზე  ტოვებს მატარებლის ვაგონს, 21:00 საათზე გამოდის შენობიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით,  მარტო  მიემართება ბათუმის ცენტრის მიმართულებით. 

კესო დეკანოსიძე 21:34 საათზე, ბათუმში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებაზე  ჩამოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რის შემდეგაც  ჯერ იაკობ გოგებაშვილის ქუჩის, ხოლო შემდგომ ეგნატე ნინოშვილის ქუჩის გავლით  მიემართება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რის შემდგომაც ასევე მარტო განაგრძობს მოძრაობას ზღვის სანაპიროს მიმართულებით,  ე.წ პიერ ბათუმის  ხიდის მიმდებარედ. ზღვის სანაპიროზე გადასვლამდე, ბულვარის სასეირნო ზოლში განთავსებულ ჯიხურში მან შეიძინა სანთებელა.

თვითმხილველების ჩვენებებით დგინდება, რომ  კესო დეკანოსიძემ აღნიშნული  ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ზღვის ნაპირთან მისვლისას დაანთო საეკლესიო სანთელი, პირადი ნივთები და ტანსაცმელი დატოვა სანაპიროზე, რის შემდეგაც  ზღვაში შეცურა,  თუმცა  მას შემდეგ რაც ის  უკან აღარ დაბრუნდა,  თვითმხილველებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს -112-ს აცნობეს. 

შეტყობინების მიღებისთანავე  ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები,  მათ შორის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც  შესაბამისი აღჭურვილობით ჩაერთვნენ ძებნის ღონისძიებაში. ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად,  მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს  კესო დეკანოსიძის ცხედარი ნანახი იქნა ქობულეთის ტერიტორიაზე ზღვაში. გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics