12:12 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-09 15:13:25, 1001 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: დასავლეთის სანქციები ჩემთვის სიმართლისთვის მიღებული ორდენია

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში მონაწილე ოთარ რომანოვ-პარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციების სიებში შეყვანით ამაყობს.

რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, რომანოვ-პარცხალაძე ამჟამად რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოქმედი ინტერნაციონალური მოხალისეთა დანაყოფის, „გიორგიევსკის“ მეთაურია.

"ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ სიმართლის სიყვარულის, მკაცრი პატრიოტული პოზიციისა და დასავლეთის წესებით თამაშზე უარის თქმის გამო გავხდი უპრეცედენტო ზეწოლის ობიექტი. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციათა სიებში ორჯერ შემიყვანეს. მაგრამ ეს სანქციები ჩემთვის სიმართლისთვის მიღებული ორდენია", – განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ გვერდზე დარჩენა ვერ შეძლო და რუს სამხედროებს, დონბასისა და უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობას დახმარება გადაწყვიტა.

რომანოვ-პარცხალაძის განცხადებით, 2025 წლის 9 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან გამარჯვების აღლუმზე მიწვევის შემდეგ მან რუსეთის მოხალისეთა კორპუსში "არბატში" მსახურება გადაწყვიტა და იქ ცხრა თვე გაატარა.

"არბატში" სამსახურის დასრულების შემდეგ, მისი თქმით, თანამოაზრეებთან ერთად ინტერნაციონალური მოხალისეთა დანაყოფის, "გიორგიევსკის", შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.

რომანოვ-პარცხალაძის თქმით, დანაყოფში ის მოხალისეები ერთიანდებიან, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს "საერთო ისტორიასა" და "საუკუნოვან ძმობას" აფასებენ.

"მათი მთავარი მოტივაციაა ქრისტიანული რწმენის, ტრადიციული ოჯახის, საკუთარი კულტურისა და იდენტობის დაცვა იმ სიგიჟისა და ზეწოლისგან, რომელსაც დღეს დასავლეთი თავს ახვევს. მათთვის რუსეთი ნორმალური, ჯანსაღი ადამიანური ღირებულებების საყრდენია და მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, ეს საყრდენი იარაღით ხელში დაიცვან", – განაცხადა მან.

რუსულ მედიასთან საუბარში რომანოვ-პარცხალაძემ ასევე განმარტა, რომ დანაყოფის სახელწოდება "გიორგიევსკი" 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, მისი შეფასებით, "უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში".





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას გუნდი შეკრება-მანიფესტაციების შესახებ გამკაცრებული ნორმების გაუქმებას ითხოვს
ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი - TI-ის კვლევა
შვედეთის არჩევნები: ოპოზიციურმა პარტიებმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს
ტრამპი: CIA-ს დირექტორი რეტკლიფი უკრაინის მოლაპარაკებების ყველა ასპექტშია ჩართული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics