|
2026-08-26 13:06:47, 1650 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. დედაქალაქის მთავარი გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების ალტერნატიული სქემის მნიშვნელობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. კერძოდ, ახალი სქემის თანახმად, რიგ ქუჩებზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა, ასევე, შემუშავდა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იქნება საუკეთესო პროექტი, რომლითაც ყველა იამაყებს, თუმცა მანამდე საჭიროა, დედაქალაქის მოსახლეობა მოთმინებით მოეკიდოს სამუშაოებით გამოწვეულ დისკომფორტს. „რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება, ასევე, ვისაუბრე რუსთაველის გამზირის მნიშვნელობაზე - მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა და რა პრობლემებია მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, პირველი, რაც კეთდება, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, რასაც ახლავს ძალიან დიდი დისკომფორტი, განსაკუთრებით გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე, ხმაური და მტვერი, რაც იქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება სხვანაირად აბსოლუტურად შეუძლებელია. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იყო, რომ ყველამ ერთად უნდა მოვითმინოთ ნოემბრის ბოლომდე და მერწმუნეთ, როდესაც რეაბილიტაცია დასრულდება, ეს იქნება საუკეთესო პროექტი და ყველა ვიამაყებთ შესრულებული სამუშაოებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, გადაადგილების დროებითი სქემის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძღოლებისთვის, შესაბამისად, ვიდეორგოლის სახით ის სოციალური პლატფორმების გარდა, ტელევიზიითაც გავრცელდება იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია სიახლეებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოძრაობის დროებით სქემას, პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება. გარდა ამისა, ბესიკის ქუჩის მონაკვეთი, კერძოდ, ჟვანიას ქუჩის კვეთიდან შევჩენკოს ქუჩის კვეთამდე იქნება ცალმხრივი, ასევე, ცალმხრივი მოძრაობა იქნება შევჩენკოს ქუჩაზე, ბესიკის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით; ლერმონტოვის ქუჩაზე გადაადგილება კვლავ ცალმხრივი იქნება, თუმცა შეცვლილი მიმართულებით - შესაძლებელი ხდება ქიქოძისა და მაჩაბლის ქუჩებიდან ლერმონტოვის ქუჩის გავლით შალვა დადიანის ქუჩაზე მოხვედრა. თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა შესაძლებელი იქნება ორი ძირითადი მიმართულებით. კერძოდ, მძღოლები თავისუფლების მოედნიდან ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან 9 აპრილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით გადავლენ ჟვანიას ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებენ ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებისკენ. ასევე, როგორც ჭონქაძის, ისე პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩიდან გადავლენ მთაწმინდის ქუჩაზე და არსენას ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებს. შევჩენკოს ქუჩიდან მარხნივ მოხვევით უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჟვანიას, 9 აპრილისა და ინგოროყვას ქუჩების საშუალებით, საიდანაც მძღოლები ლეონიძისა და ქიქოძის ქუჩებით დაუკავშირდებიან ლერმონტოვისა და დადიანის ქუჩებს, ასევე თავისუფლების მოედანს; მთაწმინდის ზედა ქუჩებზე მოხვედრა დასაშვები იქნება 9 აპრილის ქუჩიდან არსენას ქუჩის გავლით.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)