|
2026-08-21 13:43:36, 2894 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მოჰამედ ხალედ ხიარიმ საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული მოხსენება წარუდგინა. სხდომის დასრულების შემდეგ, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების — გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ლატვიის, დანიისა და საბერძნეთის, ასევე მომავალი წევრების, ავსტრიისა და პორტუგალიის წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებით წარდგნენ. პარტნიორმა ქვეყნებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად დაგმეს რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესია, განგრძობადი უკანონო ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობის თანამშრომლობის გაღრმავების“ შეთანხმება. ერთობლივ განცხადებაში დასავლელმა პარტნიორებმა მიესალმნენ ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების უკან გაწვევის შესახებ და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდეს, მიბაძონ ამ მაგალითს. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, უარს ამბობს ჯარების გაყვანაზე და აგრძელებს რეგიონის მილიტარიზაციას. განცხადების ავტორებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, ხაზი გაუსვეს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას, მხარი დაუჭირეს ჟენევისა და ერგნეთის მოლაპარაკებებს და გალის შეხვედრების დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვეს. საბოლოოდ, ქვეყნებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)