20:33 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-20 19:57:36, 1905 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროკურატურა 4 ოქტომბრის ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დაკავებული სპორტსმენის, გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა უნდა მიიღოს.

კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 24 ივნისს, კიდევ 11 ბრალდებულთან ერთად დაუმტკიცა მას შემდეგ, რაც მათ წარდგენილი ბრალი აღიარეს. იმავე სხდომაზე შეთანხმების გაფორმებაზე უარი თქვა ბრალდებულმა მანუჩარ მიქალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ დამნაშავე არ იყო და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურის მიერ საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების საფუძველი სწორედ მიქალაძის გამოსვლის შემდეგ გიორგი კირვალიძის მიერ წარმოთქმული სიტყვები და ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაჟღერებული რეპლიკა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კირვალიძე დარბაზიდან მაშინვე გაიყვანეს, 24 ივნისს შეთანხმება მაინც გაფორმდა, რადგან მოსამართლეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

დღევანდელ, 20 აგვისტოს სხდომაზე, სადაც პროკურატურის ეს მოთხოვნა და მიქელაძის ადვოკატის საჩივარი უნდა განხილულიყო, პროცესი ადვოკატის თხოვნით გადაიდო. სააპელაციო სასამართლო საკითხს 31 აგვისტოს, 15:00 საათზე მიუბრუნდება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის თანახმად, შეთანხმების დამტკიცების აუცილებელი პირობა ბრალის აღიარებაა, ხოლო 214-ე მუხლის მიხედვით, შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენების გამოყენება მის საწინააღმდეგოდ დაუშვებელია.

ეს საქმე უკავშირდება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციას, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით შეიკრიბნენ. მოვლენები ათონელის რეზიდენციასთან ჯობირების გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა. სულ ბრალი 64 პირს წაუყენეს — ყველა მათგანს, ვინც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მხოლოდ ერთს, მარიამ მეყანწიშვილს, 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics