08:42 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-07 16:29:28, 639 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დღეს დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლებამ პროკურატურა საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების და რუსული პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად, – ამის შესახებ აღნიშნულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბარამიძის მიმართ დაწყებულ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება.

„გიორგი ბარამიძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის, მათ შორის იარაღით ხელში, როგორც რიგითი ჯარისკაცი აფხაზეთსა და უკრაინაში. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მას პატრიოტიზმს უწუნებენ, წლების განმავლობაში ამართლებდნენ რუსეთის ინტერესებს, აზიანებდნენ საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებდნენ. გავიხსენოთ თუნდაც ბიძინა ივანიშვილის და მისი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები აფხაზებისთვის საჯარო ბოდიშის მოხდაზე.

რა სიმბოლურია, რომ დღეს რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესიის დაწყების დღეს, დევნა დაიწყეს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც რუსეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 6 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როდესაც კრემლი, გიორგი ბარამიძეს საკუთარ მტრად აცხადებს და სჯის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმავე ადამიანს სამშობლოს ღალატს ედავება.

პატრიოტიზმს არც კრემლი განსაზღვრავს და არც „ქართული ოცნების“ პროკურატურა და პროპაგანდა. საქართველოს ინტერესების სამსახური დანაშაული არ არის, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივი დევნა ვერ შეცვლის ამ სიმართლეს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ცილსმწამებლური და აბსურდული საქმე, არა სამართლებრივი საფუძვლით, არამედ ივანიშვილის რეჟიმის, პოლიტიკური მიზნებსა და რუსული პროპაგანდის ამოცანებს ემსახურება. ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამრეჟიმის რუსული ბუნების.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გიორგი ბარამიძის მიმართ დაწყებულ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics