|
2026-05-19 16:47:23, 1519 ნახვა
პოლიტიკა
გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს 1975 წელს დაუძმობილდა, თბილისთან პოლიტიკური ვითარების გამო კავშირს წყვეტს
გამოცემა Saarbrücker Zeitung იუწყება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს ოფიციალურად 1975 წელს დაუძმობილდა, საქართველოს დედაქალაქთან ყველანაირ კავშირს წყვეტს. ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება ქალაქის მერის, უვე კონრადტის ოფისმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად გადაწყვეტილებისა, "არ შეაჩერებს სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობას." გადაწყვეტილების მიზეზად ქალაქის მერი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებს. "ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსური მხარდაჭერით მუშაობენ, აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ, ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს, დემონსტრაციებს სასტიკად ახშობენ, ოპოზიციის სულ უფრო მეტი წევრის დაპატიმრება ხდეა, მუდმივად მოქმედებს ახალი კანონები და რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს შეკრების, პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას", - ნათქვამია ზაარბრიუკენის მერის შეფასებაში. ივანიშვილის მერი კახა კალაძე გერმანელ ხალხს "სამძიმრის წერილით" მიმართავს და წერს, რომ "დიფ სთეითის მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება". კალაძეს სჯერა, "რომ გერმანულ საზოგადოებას აქვს საკმარისი სიბრძნე და შესწევს ძალა, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი აზროვნება, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და შეძლოს იმგვარი პოლიტიკური ძალის მოყვანა ხელისუფლებაში, რომელიც გერმანიისა და გერმანელების რეალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს და გერმანელი ხალხის ნებას დაემორჩილება". "საქართველოსა და გერმანიის ხალხებს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მიუხედავად, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ცალმხრივი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ზიანდება ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურული და პარტნიორული კავშირები. დაუჯერებელია, რომ დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო კი გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას (ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალის კატასტროფულად გაზრდილი მაჩვენებელი, დემოგრაფიული პრობლემები, მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი, სოციალური დაძაბულობა და ღირებულებითი კრიზისი) გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და "გადამჭრელ ზომებს“ იღებენ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს... თუკი მათ ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად აწუხებთ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად ჯობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარ იმ უმძიმეს მოვლენაზე გაამახვილონ ყურადღება, რაც დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში ვიხილეთ, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს... ყოველივე ზემოთქმული ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს იმ აბსურდულ, ამავდროულად კი ტრაგიკულ მდგომარეობას, რაშიც გერმანიის მოსახლეობა არსებული ბიუროკრატიის პირობებში აღმოჩნდა, ბიუროკრატიისა, რომელიც არა გერმანელების, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესს ემსახურება. არადა, საუბარია რაციონალურ გერმანელ ხალხზე და ქვეყანაზე, რომელიც მაღალი პოლიტიკური კულტურით და ევროპული ღირებულებების პატივისცემით გამოირჩეოდა. ალბათ ამიტომაცაა, რომ გერმანულ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები იმის შესახებ, რამდენად პასუხობს არსებული ბიუროკრატიული მმართველობა თავად გერმანელი ხალხის ინტერესებსა და საჭიროებებს. ჩვენ გვჯერა, რომ გერმანულ საზოგადოებას აქვს საკმარისი სიბრძნე და შესწევს ძალა, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი აზროვნება, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და შეძლოს იმგვარი პოლიტიკური ძალის მოყვანა ხელისუფლებაში, რომელიც გერმანიისა და გერმანელების რეალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს და გერმანელი ხალხის ნებას დაემორჩილება" - წერს კალაძე.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)