17:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 16:24:13, 296 ნახვა

პოლიტიკა
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს

ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს.

დიპლომატიური სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 30 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სომხეთის შესახებ, რომელიც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ პუნქტებსაც შეიცავდა.

ამას დღეს, 1 მაისს, აზერბაიჯანის პარლამენტის მხრიდან ევროპარლამენტთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ კენჭისყრა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან კი აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩის, მარიანა კუიუნჯიჩის დაბარება მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის უდიდესი ნაწილი „სომხეთში დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერას“ ეხებოდა, აზერბაიჯანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის პუნქტები იმ ყარაბაღელი სომხების დაბრუნების უფლების შესახებ, რომლებსაც 2023 წელს რეგიონის დატოვება მასობრივად მოუწიათ; ასევე ის პუნქტები, რომლებითაც მოთხოვნილი იყო აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი ტყვეების გათავისუფლება.

რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ:

„[ევროპარლამენტი] კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისადმი, მათ შორის მათი იდენტობის, საკუთრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ასევე მათი უსაფრთხო, შეუფერხებელი და ღირსეული დაბრუნების უფლებისადმი სათანადო საერთაშორისო გარანტიების პირობებში; მოუწოდებს სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯისა და საერთაშორისო შემფასებელი მისიის შექმნისკენ“.

ეს პუნქტი ეხებოდა მთიანი ყარაბაღის მთელ სომხურ მოსახლეობას – დაახლოებით 100 000 ადამიანს, რომლებმაც რეგიონი 2023 წელს აზერბაიჯანის შეტევის შემდეგ დატოვეს.

რეზოლუციაში ასევე წერია:

„[ევროპარლამენტი] გმობს აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების, დაკავებულებისა და მძევლების უსამართლო პატიმრობას; მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; აღნიშნავს აქამდე გადადგმულ ნაბიჯებს და მოუწოდებს ნდობის აღდგენის შემდგომი ზომებისკენ; მოითხოვს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სრულ პატივისცემას“.

აზერბაიჯანში ამჟამად 19 ყარაბაღელი სომეხია დაკავებული. ზოგიერთი მათგანის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება, სხვებს კი ახლახან ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ ომის დანაშაულებისა და სხვა მსგავსი ბრალდებების საფუძველზე.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, ასევე თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს და მხარს უჭერს სომხეთსა და ევროკავშირს შორის მზარდ კავშირებს.

ზემოთ ხსენებული ორი პუნქტის გამო, აზერბაიჯანის პარლამენტმა უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ „ევროპარლამენტის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, ასევე სამართლიანობის კონცეფციის გადამწყვეტი უარყოფა“.

„ეს ორგანო მუდმივად უგულებელყოფდა სომხეთის მიერ ჩვენი მიწების 30-წლიან ოკუპაციას, ჩვენი ასობით ქალაქისა და სოფლის, ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლების განადგურებას, ეთნიკურ წმენდას და მილიონზე მეტი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებებს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პარლამენტმა.

განცხადებაში აზერბაიჯანული საკანონმდებლო ორგანო ასევე ამტკიცებს, რომ „ევროპარლამენტში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები ჩამოიშალა, კორუფციამ და მექრთამეობამ ღრმად გაიდგა ფესვები. ის ლობისტურ ჯგუფებსა და სხვადასხვა ინტერესთა წრეებს ემსახურება და გადაიქცა სტრუქტურად, სადაც მუდმივად ვლინდება აზერბაიჯანოფობიური და ისლამოფობიური აზროვნება“.

აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, „ყველა მიმართულებით“ შეაჩეროს თანამშრომლობა ევროპარლამენტთან და დაიწყო პროცესი „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში“ აზერბაიჯანის პარლამენტის წევრობის შესაწყვეტად.

ამავდროულად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ევროკავშირის ელჩი კუიუნჯიჩი და განუცხადა, რომ ქვეყანა გმობს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული „უსაფუძვლო და მიკერძოებული დებულებებს“. სამინისტროში ელჩს ასევე „საპროტესტო ნოტა“ გადასცეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სომეხმა მცხოვრებლებმა რეგიონი ნებაყოფლობით დატოვეს“.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics