12:54 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-17 09:46:07, 16116 ნახვა

სპორტი
ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ისტორია ოლიმპიური მედლის მოპოვებით დაწერა

მილანი/კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაიწერა. პირველად ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოს წარმომადგენლებმა ზამთრის ოლიმპიურ სარბიელზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ისტორია მილანის ყინულის დარბაზში დაწერა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მედლის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი განაცხადი მოკლე პროგრამაში დაკავებული მეორე ადგილით გააკეთეს, რაც თავის მხრივ, ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ მოციგურავეთაგან საუკეთესო შედეგი იყო.

ჩვენმა მოციგურავეებმა წარმატებული სვლა გააგრძელეს თავისუფალ პროგრამაშიც, რომლის შედეგებითაც უნდა გამოვლენილიყო მედალოსნები.

საქართველოს ნაკრების წევრებმა მსაჯებისგან 146.29-ქულიანი შეფასება მიიღეს და თავისუფალში მეორე ადგილზე გავიდნენ, ორივე პროგრამის შედეგად კი 221.75 ქულა დაუგროვდათ და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონობა მოიპოვა რიკუ მიურას და რიუიტი კიჰარას იაპონელთა წყვილმა. ბრინჯაოს მედალი ერგოთ გერმანელებს ფაბიენ ჰასე მინერვას და ნიკიტა ვოლოდინს.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის და მისიის ხელძღვანელებმა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ მიულოცეს ეს დიდი გამარჯვება ჩვენს მედალოსნებს და მათ მწვრთნელებს.

" 2026 წლის 16 თებერვალი მართლაც განსაკუთრებული დღე გამოდგა ჩვენი სპორტისთვის-ისტორიაში პირველად მოვიპოვეთ მედალი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და ეს მართლაც დიდი წარმატებაა. ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მილანში იშვიათი ოსტატობა და ნებისყოფა გამოავლინეს, ბოლომდე იბრძოლეს და ღირსეულად დაიკავეს ადგილი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე. ვულოცავ ჩვენს მედალოსნებს, მწვრთნელებს, ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, სპორტის გულშემატკივრებს, მთელ საქართველოს" - განაცხადა სეოკის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

17 თებერვალს ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით ასპარეზობას შეუდგება ანასტასია გუბანოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე Forbes Under 30-ის სპონსორი საქართველოს ბანკია
თორნიკე რაზმაძე სასამართლოს პროცესის გახსნას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics