12:48 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 18:26:54, 656 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - გულისტკივილს გამოვხატავ, რომ ჩემი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმა მიწევს

გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის, როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების, „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში თქვენთან ერთად მონაწილეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წერილშია ნათქვამი, რომლის ადრესატიც ბელგიის მეფე ფილიპეა.

ზურაბიშვილის თქმით, მისი ნებისგან დამოუკიდებლად ორი მიზეზი აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის, რომ შეასრულოს წარმომადგენლობითი მოვალეობა და დაესწროს ინაუგურაციას.

„თქვენო უდიდებულესობავ, გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების, „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში თქვენთან ერთად მონაწილეობაზე. ევროპის გულში საქართველოს ევროპული კულტურისა და იდენტობის წარდგენა სწორედ იმ დროს, როდესაც წყდება ისეთი საკვანძო საკითხი, როგორიც არის ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ევროპელ ხალხებსა და ლიდერებს გადავცეთ ერთმნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც არის ევროპულ ოჯახში ჩვენი ინტეგრაციის სურვილი.

თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მერწმუნოთ, რომ გულწრფელი სურვილი მქონდა, საქართველო უმაღლეს დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი მნიშვნელოვანი ფურცლის გადაშლისას, ისე, როგორც  2021 წლის 21 იანვარს ჩვენი შეხვედრისას შევთანხმდით.

სამწუხაროდ, ჩემი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი მიზეზი - ერთი მხრივ, მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ ჩემს წინადადებაზე, მეორე მხრივ, სწორედ 3 და 4 ოქტომბერს ჩანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა – აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის, შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

თქვენო უდიდებულესობავ, მსურს, გულწრფელი ბოდიში მოვიხადო ჩემგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წამს აუცილებელს ხდის იმ საპროტოკოლო გადაწყვეტილებების შეცვლას, რომლებზეც დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა. მეორე მხრივ, მსურს, ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მოგახსენოთ მადლობა ევროპის ცენტრში ქართული კულტურის ესოდენ დიდი პატივით მიღებისთვის. ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ მჯერა, რომ ეს მოვლენა გადაიქცევა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს ურთიერთობის ისტორიის განსაკუთრებულ ფურცლად.

იმედი მაქვს, რომ თქვენი უდიდებულესობა თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის კიდევ მრავალ წელს იღვაწებს. დიდ წარმატებას ვუსურვებ „ევროპალია საქართველოს“ და მადლობას ვუხდი თქვენს უდიდებულესობას იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც სამეფო ოჯახსა და ბელგიის მხარეს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებაში შეაქვთ.

თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენ მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემა“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 3 ოქტომბერს განიხილავს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსინდისოების დაპატიმრებული საქართველოს სინდისი
2025 წელი - პოლიტიკური პატიმრებით სავსე ციხეები
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი