|
2022-03-03 13:13:41, 746 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა
თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა, რომელზეც ფინანსური დახმარების შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. „უკრაინისთვის განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს, ჩვენ ყველანი, ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას. ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება თანადგომა და მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ. ჩვენი სახელმწიფო ომის პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. უამრავი მოქალაქე ეხმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ, ამ ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა. თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია, გამოთქვა მზაობა, შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან. მისივე თქმით, თბილისის მერიის ორგანიზებით, ასევე შეგროვდება პროდუქტები. „ჩვენ უკვე გვაქვს შერჩეული კონკრეტული ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული პროდუქტების მობილიზება, რომელიც შემდეგ, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გაიგზავნება. ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ამასთან დაკავშირებით. პანდემიის დროს ძალიან ბევრ ოჯახს, ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ამ პროცესში ჩართული იყო ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი აქტიურობა იქნება, ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში და ჩვენ ყველა, ამ ძნელბედობის ჟამს, გვერდში დავუდგებით ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. როგორც თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა, ჰუმანიტარული ტვირთი ბელიაშვილის N5-ში შეგროვდება. „გახსოვთ, რომ პანდემიის პერიოდში გვქონდა ლოგისტიკური ცენტრი ბელიაშვილის N5-ში, რომელიც ხვალიდან ამუშავდება და მიიღებს ტვირთებს, როგორც ბიზნესისგან, ასევე მოქალაქეებისგან“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. თბილისის მერის მოადგილემ მოქალაქეებს სთხოვა, ბელიაშვილის N5-ში არამალფუჭებადი პროდუქტები მიიტანონ. დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას განცხადებით, უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების რეალური საჭიროება გამოიკვეთა. „ჩვენ პირველივე დღეებიდან კომუნიკაციაში ვიყავით დამეგობრებულ და პარტნიორ ქალაქებთან. ესენია: ოდესა, კიევი და ხარკოვი. ხარკოვი და კიევი ის ქალაქებია, რომლებმაც ომის შედეგები მძიმედ იტვირთეს. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდეს. ამის რეალური საჭიროება არსებობს, რაც კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ჩაერთოს აღნიშნულ აქციაში. ეს ტვირთი გაეგზავნება უკრაინას და რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორ ქალაქებს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)