|
2022-02-14 11:07:03, 1178 ნახვა
ეკონომიკა
გაეროს განვითარების პროგრამა და „საქართველოს ბანკი“ „მეწარმე ქალთა სკოლას“ იწყებენ
ბიზნესში ქალთა ლიდერობის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ბანკმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ისინი უპრეცედენტო დახმარებას გაუწევენ ქალების მიერ შექმნილ ორასამდე დამწყებ საწარმოს, რაც მცირე და საშუალო ბიზნეს-გარემოში თამაშის წესების შეცვლას შეუწყობს ხელს. „მეწარმე ქალთა სკოლა“, რომელიც ამ პარტნიორობის ფარგლებში დაარსდება, მეწარმე ქალებს მათი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს, ბიზნესის ხელშეწყობის 360-გრადუსიან მიდგომას, შესთავაზებს. ეს უნიკალური მოდელი ახლად შექმნილი საწარმოს მხარდაჭერის სრულ ციკლს ითვალისწინებს და ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს - თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე წვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას. „მეწარმე ქალთა სკოლა“ საქართველოს ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნება. სკოლის შექმნა და განვითარება განხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება. გაეროს განვითარების პროგრამასა და საქართველოს ბანკს შორის დადებული შეთანხმების ხელმოწერას UNDP-ის რეგიონული დირექტორი მირიანა შპოლიარიჩ ეგერი დაესწრო, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად, ნიუ-იორკიდან შეუერთდა. „გენდერული თანასწორობის მიღწევა თანამედროვე ბიზნესის იმპერატივია. ეს კომპლექსური საკითხია, რომლის გადაწყვეტა სხვადასხვა გზით შეიძლება. ქალებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი მომავალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებას სხვას ვერ ანდობენ. მივესალმებით ამ მხრივ კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით თუკი ჩვენი პარტნიორობის შედეგად მეწარმე ქალები პროფესიულ ზრდასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას შეძლებენ“, - განაცხადა მირიანა შპოლიარიჩ ეგერმა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა და საქართველოს ბანკის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა. „საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. „მეწარმე ქალთა სკოლა“ გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობითა და, წინასწარი მოკვლევის შედეგად, მეწარმე ქალების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, რაზეც პროგრამა იქნება კონცენტრირებული. ესენია: განათლება, მხარდაჭერა და ქოუჩინგი, გამოცდილების მიღება და თანამშრომლობა. დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალთა გაძლიერებაში და მათი საქმიანობის სამომავლო ხელშეწყობაში“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა. „ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაჯანსაღების, ადამიანების კეთილდღეობის ზრდისა და თანასწორობის განმტკიცების გზაა. იმედი მაქვს, რომ „მეწარმე ქალთა სკოლა“ წარმატებული ბიზნეს-პროექტების ტალღას შექმნის, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნის საქმეში“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა. ქალთა მიერ შექმნილი საწარმოები ქართული ბიზნესის ერთ-ერთი დინამიკური სექტორია, თუმცა მთლიანობაში, ბიზნეს-გარემო კვლავ მეტწილად კაცების ასპარეზია. ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესი ყოველწლიურად დარეგისტრირებული ახალი საწარმოების მესამედზე ნაკლებს შეადგენს. 2017 და 2019 წლებს შორის, ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა კიდეც და 29 პროცენტს არ აღემატებოდა. საქსტატის მონაცემებით, ქართველი ქალების 59.5 პროცენტი სამუშაო ძალის გარეთაა დარჩენილი. მსოფლიო ბანკი ამ ვითარებას შრომის ბაზრის დაკარგულ რესურსად მიიჩნევს, რომლის გამოც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს კარგავს. [წყარო: ქალები ბიზნესში, 2021. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი] გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი „მეწარმე ქალთა სკოლა“ სწორედ ამ კომპლექსურ გამოწვევებს ეხმიანება. სკოლის დანიშნულებაა დახმარება გაუწიოს მეწარმე ქალებს და ბიზნესის სამყაროში გამარჯვება ასწავლოს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)