|
2021-04-20 12:49:35, 466 ნახვა
საზოგადოება
საქართველო გაეროს სურსათის სისტემების სამიტისთვის ემზადება
2021 წლის სექტემბერში, გაეროს სურსათის სისტემების სამიტი გაიმართება. ღონისძიებისთვის მოსამზადებელ საკითხებში საქართველოს მთავრობას დახმარებას გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი გაეროს სააგენტოები, მათ შორის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). სამიტისთვის მოსამზადებელი პირველ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი ესწრებოდნენ. „COVID-19-ის პანდემიამ, მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც, არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა. ამ ფონზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სასურსათო უსაფრთხოების საკითხის გაეროს გენერალური მდივნის პირად კონტროლზე აყვანა და გლობალური სურსათის სისტემების სამიტის დაგეგმვა. საქართველო, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთვება სამიტის მუშაობაში და არსებული გლობალური გამოწვევების გადაწყვეტაში“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. როგორც გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა აღნიშნა, გაერთიანებული ძალებით, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, თუ როგორ გარდავქმნათ მსოფლიო სასურსათო სისტემები. „დავფიქრდეთ, თუ როგორ მივიღოთ უფრო ჯანსაღი, მდგრადი და სამართლიანი სასურსათო სისტემები. ჩვენი დიალოგი დასახავს საქართველოს გზას ამ მიზნების მიღწევაში. სამიტის მონაწილე ყველა ქვეყანამ უნდა მოამზადოს რეკომენდაციები მსოფლიოში მდგრადი სასურსათო სისტემების დანერგვისთვის“, - განცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა. ონლაინ ფორმატში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, FAO-ს და დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. გაეროს სურსათის სისტემების სამიტი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაა, რომელსაც მიმდინარე წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური მდივანი უმასპინძლებს. სამიტამდე, გაეროს წევრმა ქვეყნებმა უნდა წარმართონ მოსამზადებელი დიალოგი, რომლის ფარგლებში, მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნებისთვის მდგრადი სურსათის სისტემების მისაღწევად. ქვეყნებმა რეკომენდაციები სამიტის წინ, მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა წარადგინონ. სამიტის ფარგლებში, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები, მეცნიერები, ბიზნესმენები, გარემოსდამცველები, ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები და სხვა მონაწილეები იმსჯელებენ გლობალური სასურსათო სისტემების ტრანსფორმაციაზე, რათა გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებით წარმოებული ჯანსაღი საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და 2030 წლისთვის, მდგრადი სურსათის სისტემების არსებობა მსოფლიოში რეალობად იქცეს.
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
ომბუდსმენი: დავით ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)