|
2015-01-30 14:03:07, 4730 ნახვა
სამხედრო
ალექსანდრ ვერშბოუ ქართული ასეულის საველე სწავლებას დაესწრო
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე ვაზიანის პოლიგონზე სტუმრობით დაიწყო. ნატოელ სტუმარს პოლიგონზე თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სპეციალურად ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისთვის, მხარდამჭერი ელემენტებით, ასეულის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება გაიმართა, რაც პოლიგონის შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა მიზნად. საჩვენებელი სწავლება თავდაცვით ოპერაციებში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და სწრაფ რეაგირებას ისახავდა მიზნად. სწავლების დასრულების შემდეგ, ნატოს მაღალჩინოსანმა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და ვაზიანის პოლიგონის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გამართულმა სწავლებამ, სადაც კარგად გამოჩნდა ქართველი ჯარისკაცების პროფესიული უნარ-ჩვევები. დიდი ხანია ნატოსა და ამერიკელი სარდლებისგან მესმის, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან. დღეს, მეც ვადასტურებ ამას. ქართველი სამხედროები ავღანეთის მისიაში მათზე დაკისრებულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე ასრულებენ. ვაზიანის პოლიგონს მომავლისთვის შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია. შესაძლოა ეს ადგილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ერთ-ერთ ლოკაციად განვიხილოთ. ნატოს შემფასებელთა ჯგუფი სავარაუდოდ მომავალ თვეში უკვე ადგილზე გაეცნობა ამ პოლიგონის შესაძლებლობებს. მაგრამ მე, როგორც არა ექსპერტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ“. წვრთნის დაწყებამდე, IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის თანაშემწემ, მაიორმა დავით პაპოშვილმა მოწვეულ სტუმარს წვრთნის მიზნისა და ამოცანების, ასევე, მონაწილე ელემენტების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა. სწავლებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, წვრთნების მთავარი ამოცანა იყო ქართულ ქვედანაყოფებს არ დაეშვათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნა და შეტევის განვითარება სიღრმეში. სწავლება მასშტაბური ხასიათის იყო. მასში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მექანიზირებული ბატალიონის, სამედიცინო ჯგუფის, ასევე ავიაციის, საარტილერიო, საინჟინრო და სატანკო ქვედანაყოფების 425 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. წვრთნაში ორი ერთეული Su-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ერთი ერთეული UH-1H „იროკეზი“-ს ტიპის შვეულმფრენი, ასევე IV მექანიზირებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა, მათ შორის T-72 ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ-2, ასევე თვითმავალი საარტილერიო სისტემები და I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული სისტემები იყო ჩართული. წვრთნაში გათვალისწინებული იყო 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გამოცდილება. დღევანდელ სწავლებაში ისინი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ. სწავლებას დაესწრნენ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის საშტაბო-სამეთაურო სკოლის მსმენელებიც. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადაში გადაინაცვლეს. ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა ლელაძემ სტუმრებს სპორტულ დარბაზსა და ვირტუალური სიმულაციური სწავლების ცენტრში უმასპინძლა; მოგვიანებით, კი სამხედრო ნაწილში არსებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი მსუბუქი შეიარაღება და ქართული ჯარის ეკიპირება დაათვალიერებინა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)