|
2020-08-07 11:55:04, 2150 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ამის შესახებ აშშ-ს საელჩომ საქართველოში განაცხადა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. „თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს. გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას. 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)